ნიდერლანდების სამეფოს დანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

30.08.2019 ქ. თბილისი- ნიდერლანდების სამეფოს დანიშნულმა ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა.
 
დავით ზალკალიანმა ჰოლანდიელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მარია ვან კოლდამმა, თავის მხრივ, გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას და განათლების სფეროს პრიორიტეტულობას. ასევე, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას, რაც დადებითად აისახება ჰოლანდიელი ტურისტების მზარდ დინამიკაზე.
 
მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესი, ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ქვეყანას მაქსიმალურად აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან.
 
დავით ზალკალიანმა ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისაუბრა ბორდერიზაციის პროცესზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ამასთან, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.
 
ელჩის განცხადებით, ნიდერლანდები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განმტკიცებას.