ნიდერლანდების სამეფოში ღონისძიება - „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ გაიმართა

 
8.10 .2018 ნიდერლანდები- საქართველოს საელჩოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიების  - „დავიბრუნოთ ერთმანეთი“  საზეიმო გახსნა გაიმართა.
 
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  კონსტანტინე სურგულაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. „რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს უმთავრეს და ყველაზე მტკივნეულ პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის შუაგულში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით ყველას შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს საელჩოში აფხაზეთის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა მისი მიღწევა საერთაშირისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის გარეშე ძალზედ რთულია”- განაცხადა საქართველოს ელჩმა.
 
პროექტის ფარგლებში, 4-6 ოქტომბერს, სხვადასხვა ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.  ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მარინა თამლიანი-გამისონიას, თეა შამუგიას, გიორგი შენგელიას, ელდარ ქავშბაია და დავით ტაბაღუას ნახატები. საღამოს ფარგლებში, ასევე მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინების და კომპანია „მარიგოლდი“-ს გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა. აგრეთვე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა პოეტმა მერი პაპუნაშვილმა მოწვეული სტუმრებისთვის საკუთარი ლექსები წაიკითხა.
 
 
საღამო მუსიკალურად გააფორმეს  ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი 2”-ის აღსაზრდელებმა და ანსამბლ “რუსთავის” სოლისტმა გიორგი ალექსანდრიამ.
 
 
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, ასევე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ, მწერალმა გურამ ოდიშარიამ და სხვა სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა. პროექტის საზეიმო გახსნაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.