ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ქართული საკვირაო სკოლის გაკვეთილს დაესწრო

14.05.2019 ნიდერლანდები- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე საელჩოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის გაკვეთილს დაესწრო. გიორგი შარვაშიძე სკოლის საქმიანობას, მოსწავლეებს და მათ მშობლებს გაეცნო. დედაენის დღესთან დაკავშირებით ბავშვებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ქართული ენის ისტორიის შესახებ.
 
გაკვეთილის ბოლოს ელჩმა სამადლობელი სიტყვით მიმართა  პედაგოგებს ქართული საკვირაო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მან ხაზი გაუსვა დიასპორის საკითხებისა და ქართული საკვირაო სკოლების პრიორიტეტულობას და აღნიშნა ის ინიციატივები, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.
 
გიორგი შარვაშიძე მოსწავლეებს უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოების გადაცემას დაპირდა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის.