ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

08.08.2018 .ჰააგა - ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ჰააგის აკადემიის საერთაშორისო სამართლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

ელჩმა სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა  2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული  2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.

კონსტანტინე სურგულაძემ ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის უფლებების დარღვევების მძიმე ფაქტების შესახებ, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა. ელჩმა ასევე ისაუბრა გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ.

შეხვედრის დასრულებისას გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუდენტებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას. მათ შორის გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და მეგობრობის ხიდი - „ქართლოსის“ მომზადებულ ფოტომასალას, რომელიც  2008 წლის ომში დაღუპულ ჟურნალისტებს, მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ეძღვნებოდა.

ფოტოგამოფენის გახსნაზე, საქართველოს ელჩმა ჰოლანდიის ტელეკომპანია „RTL Nieuws”-ის ოპერატორის სტან სტორიმანსის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრალურ მოედანზე რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ კასეტური ჭურვის ჩამოგდებას ემსხვერპლა.

კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს,  2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დააჯილოვა სტან სტორიმანსი.

ღონისძიება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში ჩატარდა.