ნიდერლანდებში ქართული კულინარიის ფესტივალი და მასტერკლასი „Taste of Georgia“ გაიმართა

12.04.2018 ქ.ჰააგა - სასტუმრო “Crowne Plaza”-სა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ასევე ნიდერლანდურ გამომცემლობა “Diplomat”-ის მხარდაჭერით, ქ. ჰააგაში, “Crowne Plaza Promenade”-ში, 12-14 აპრილს ქართული კულინარიის ფესტივალი გაიმართა.

12 აპრილს, ქართული კულინარიის ფესტივალი “Georgian Flavours” საზეიმო ვითარებაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, სასტუმრო „Crowne Plaza”-ს გენერალურ მენეჯერთან, პატრიკ აარსმანთან და დიპლომატიური ჟურნალის დამფუძნებელთან, მეიელინ დე ლარასთან ერთად გახსნა.
  
საელჩოს მოწვევით ქართული კულინარიის ფესტივალს ჰააგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო და ტრადიციული ქართული კერძები.
 
19 აპრილს კი საქართველოს საელჩოში ჰოლანდიის „Wine Institute”-ის ორგანიზებით, ასევე საქართველოს „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და კომპანია „Saperavi wine agency”-ს მხარდაჭერით, მასტერკლასი „Taste of Georgia” გაიმართა.
 
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ქართული ღვინისადმი ინტერესის გამოხატვისათვის მადლობა გადაუხადა. კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია უძველესი და უნიკალურია მსოფლიოში და სტუმრებს საქართველოში ღვინის ნაირსახეობის დასაგემოვნებლად მოგზაურობა ურჩია.

მასტერკლასის დროს სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინის 15-მდე სახეობა. ღვინოსთან ერთად მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ქართული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ.

მასტერკლასს ესწრებოდნენ ღვინის ექსპერტები და ქართული ღვინის მოყვარულები.