ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი „Global Entrepreneurship Summit 2019“-ის ფარგლებში გამართულ ვახშამს დაესწრო

4 ივნისს ჰააგაში ელჩებისა და მეწარმეების ვახშამი გაიმართა, სადაც ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული 40 დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან  ერთად საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიიღო მონაწილეობა.  
 
ვახშამზე გიორგი შარვაშიძემ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ მეწარმეებს. ვახშამზე ელჩებთან ერთად მიწვეული იყო 300 მეწარმე 88 ქვეყნიდან; ვახშამს სწრებოდნენ ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრი სიგრიდ კააგი და ჰააგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. 
 
ელჩებისა და მეწარმეების ვახშამი „Global Entrepreneurship Summit 2019”-ის ფარგლებში შედგა. სამიტი 3-5 ივნისს ჰააგაში იმართება. სამიტის ორგანიზატორია აშშ და ნიდერლანდების სამეფო. მეწარმეთა სამიტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2 ათასზე მეტი მეწარმე, ინვესტორი და კომპანია იღებს მონაწილეობას.  „Global Entrepreneurship Summit“-ზე ყოველწლიურად, წამყვანი მეწარმეები და კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა გლობალური პრობლემის გადაჭრას და ახალი თანამშრომლობის გზების დამყარებას ცდილობენ. სამიტი 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასში დღემდე მონაწილეობა მიიღო 20 ათასმა მეწარმემ. 2010 წლიდან დღემდე სამიტის შედეგად 1 მილიარდზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოხდა.
 
სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე. 
 
საქართველოდან სამიტში მონაწილეობს სამი კომპანია: “Cargon”, „Lingwing“ და „English language Center (ELC)“.