ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა

29.11.2018 - ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოში , დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე სურგულაძის გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა.

მიღების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში კონსტანტინე სურგულაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიღწევებზე, ასევე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს მხარდაჭერისათვის: „2015 წელს ნიდერლანდების სამეფომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა. 2017 წლის მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს 100 მილიონი ევროს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ დროს მერგო პატივი საქართველო წარმომედგინა ნიდერლანდების სამეფოში და წვლილი შემეტანა საქართველოსთვის ისტორიული მიღწევების განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჰოლანდიის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერისათვის“- განაცხადა ელჩმა.

ღონისძიებაზე კონსტანტინე სურგულაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. „ნიდერლანდების სამეფოში ქართულ დიასპორას დიდი წვლილი მიუძღვის ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის მჭიდრურთიერთობის დამყარებაში. მე ვგრძნობდი ქართული დიასპორის მხარდაჭერას და დასაფასებელია მათი როლი საქართველოს წარმოჩენის კუთხით“- განაცხადა ელჩმა და საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა დიასპორული ორგანიზაციებისა და საზოგადოებების ხელმძღვანელები.  
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიდერლანდების მთავრობის, კულტურისა და განათლების სფეროს, ბიზნეს სექტორის, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე იმყოფებოდნენ 2008 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის დროს დაღუპული RTL”-ის ოპერატორის, სტან სტორიმანსის შვილები - ამბერ და ტიმ სტორიმანსები.
კონსტანტინე სურგულაძე ნიდერლანდებში დიპლომატიურ მისიას 1 დეკემბერს ასრულებს.