ნიდერლანდებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

6.11.2018 ნიდერლანდები - ნიდერლანდებში, დახურულ კლუბ “Sociëteit De Witte”-ში გაიმართა დისკუსია, თემაზე -  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი: გამოწვევები მაშინ და ახლა“.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ ღონისძიებაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ელჩმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის მნიშვნელობაზე და ამჟამად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. „ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დაფუძნებული იყო დემოკრატიულ და ევროპულ პრინციპებზე. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპელები და ვეკუთვნით ევროპას “- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ქვეყნის თანამედროვე ისტორიასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციის შესახებ. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს  ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრანსუაზა კომპანიენმა და „საერთაშორისო მაგიდის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და საერთაშორისო მოლაპარაკებების ანალიტიკოსმა, პოლ მეერთსიმ.

აღსანიშნავია, რომ კლუბ “Sociëteit De Witte” -ის წევრები ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ექსპერტები, ანალიტიკოსები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები არიან.