ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 
18.04.2019 ნიდერლანდები- ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ისტორიული დოკუმენტები ფოტო მასალა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ. საქარ თველოს ელჩმა ისაუბრა 9 აპრილს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში და აღნიშნა, რომ სწროედ მაშინ დაიწყო  ბრძოლა საქართელოს დამოუკიდებლობისთვის:. „1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. იმ ღამეს ასევე დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა ასეულობით ადამიანი. 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. „9 აპრილი უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა. 30 წლის წინ სისხლი დაიღვარა, იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. 9 აპრილი არის სიმბოლო საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ქართული სულის გამარჯვებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა.“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაზე საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ერეკლე კოპლატაძემ.
 
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის გიორგი შარვაშიძემ პრეზიდენტის ღირსების ორდენები გადასცა ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსულს კორნელის ხაისბერტუს დე იახერს და კულტურათაშორისი მენეჯმენტისა და კავკასიის კონფლიქტების საკითხებში ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს ფრანცუაზა ჯულიეტ კომპანიენს.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და განათლების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.