ნიუ იორკში ქართული ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

12.03.2019 ნიუ იორკი - ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებულის - „იყო ერთი გოგო“ -ს პრეზენტაციაზე უმასპინძლა ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის და პენსილვანიის შტატებში არსებულ ოთხი საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს და პედაგოგებს.

კრებული, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა და ქართულ ენაზე გამოიცა, 12 პოპულარული თანამედროვე ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ; საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძემ; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და გაეროს წარმომადგენლებმა. 

შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცა ზღაპრების კრებული. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საზღვარგრეთ არსებული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საკვირაო სკოლების გასაძლიერებლად, შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საკვირაო სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით სპეციალური სახელმძღვანელოს გამოცემისთვის, რომელიც საჩუქრად გადაეცემა საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს.