ნორვეგიის სამეფოში ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატა დაარსდა

26.03.2019 ნორვეგია- ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ოფიციალურად დაარსდა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატა.
 
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაია ყიფშიძემ და ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ და ბრიტანულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის მმართველი საბჭოს დირექტორმა დავით დუნდუამ. საქართველოს ელჩმა  ღონისძიებაზე ისაუბრა ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატის მიზნებზე და სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, ასევე პრიორიტეტული სფეროები.
 
სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების, „Norsk mineral’’- ისა და „Green Seafood Group’’- ის გენერალურმა დირექტორებმა, კირე იოჰანსენმა და სტაინარ გრავოსმა, მათ  ისაუბრეს საქართველოში ბიზნესის წარმოების გამოცდილებებზე.
 
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია „Creative Caucasus’’- ის დამაარსებელმა და დირექტორმა, გელა ენდრიუ სულმა  ისაუბრა სტარტაპების  პერსპექტივებსა და საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაზე.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორვეგიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ, ნორვეგიის სამეფოში ახლადდაარსებული  ქართულ- ნორვეგიული სავაჭრო პალატა  კერძო სექტორის არასამეწარმეო, ავტონომიური ერთეულია, რომლის მიზანია საქართველოს და ნორვეგიას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.