ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება

პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პორტუგალიის მთავრობასაერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალია გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ემუქრება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას. ამ მოვლენათაგან განსაკუთრებით საგანგაშოა სამხრეთ ოსეთში ე.წ. "არჩევნების" ჩატარების ფაქტი 2017 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც, ამავე დღეს ჩატარებული რეფერენდუმი, საქართველოს ამ რეგიონისათვის ოფიციალური დასახელების შეცვლის მიზნით.
 
პორტუგალია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოამჟღავნონ განახლებული პოლიტიკური სწრაფვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესისა და 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გარდა, პორტუგალია მხარეებს მოუწოდებს დიალოგისკენ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობს პორტუგალია, თამაშობს დადებით როლს მხარეთა დასაახლოვებლად.
 
ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს გამართული ე.წ. რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა. მისი განცხადებით, გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში, ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს.