„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“- დავით ზალკალიანი

 
30.10.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, რომელიც მისი განცხადებით უმთავრეს გამოწვევად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მომხდარი მკაცრად დასაგმობია და შემთხვევის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა.  დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას აღნიშნული პრობლემისა მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც  გამოხატულია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში,  მუდმივ კავშირზე ვართ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან.  გვქონდა შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დისკუსია,  რათა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იდგეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და მისი თანმდევი შედეგების საკითხი, მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც მართლაც ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასია. ადამიანები იღვიძებენ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ გარემოში და არ აქვთ საშუალება, რომ გადაადგილდნენ თავისუფლად, ეს მართლაც კატეგორიულად მიუღებელია და აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ყველა აქტორმა, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში, თანათავმჯდომარეებმა, ეუთომ, ევროკავშირმა, გაერომ და ასევე, აშშ-მ, რომელიც ჩვენი მთავარი სტრეტეგიული პარტნიორია განსაკუთრებული აქცენტები გააკეთონ ამ თემაზე,“-განაცხადა ზალკალიანმა.