ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გამოფენა - „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა

23.01.2020 დიდი ბრიტანეთი - ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გამოფენა-  „შექსპირი საქართველოში“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო "ქართული შექსპირიანას" შესახებ უორდროპების კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერები, წერილები და წიგნები, აგრეთვე საქართველოში გამოცემული ალბომები, ლიტერატურული ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები, პროგრამები და ფოტო მასალა, რომელიც „ქართული შექსპირიანას“ თარგმნის, შესწავლისა და სცენური ინტერპრეტაციის წარსულსა და აწმყოს ასახავს.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილმა.სიტყვით გამოსვლისას, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა შექსპირის უნიკალურ შემოქმედებაზე და მის გავლენაზე ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ასევე საქართველოსა და ბრიტანეთს შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერობებზე.

ღონისძიების დასასრულს ყველა ექსპონატი ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში ნაჩვენები იყო გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენა „შექსპირი სიყვარული”, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიება „შექსპირი საქართველოში“, 2020 წელს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში „ქართული სეზონის“ ნაწილია, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: ჯილიან ივისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის კოლექციის ხელმძღვანელი, დან ჰილი, წმ. ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და დავით მაზიაშვილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.