ოქსფორდში საქართველოს შესახებ ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა


27.02.2018 ქ. ოქსფორდი - ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯში საქართველოს შესახებ ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით  მიმართა  სენტ ენტონის კოლეჯის ხელმძღვანელმა, პროფესორმა როჯერ გუდმანმა.

აღნიშნულ კონფერენციაზე  პროგრამის მონაწილე მკვლევარებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნეოლიბერალიზმი თანამედროვე საქართველოს კონტექსტში, ქვეყნის თანამედროვე პრობლემატიკა მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების ჭრილში და საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921).

ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს პროგრამის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერიც არის  შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მკვლევარები.

აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტს საქართველოს შესახებ წარმოებული კვლევების სოლიდური გამოცდილება აქვს. სწორედ ოქსფორდის ბოდლეის ბიბლიოთეკაშია დაცული საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მასშტაბური კოლექცია უძველესი წიგნებისა და ხელნაწერების სახით.ამ კოლექციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერები, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.