ოტავაში აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

13.08.2018 ქ.ოტავა - 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფოტო გამოფენა, პრეზენტაცია და სემინარი გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ელჩმა ისტორიულ ჭრილში მიმოიხილა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები, ისაუბრა, როგორც  საბჭოთა ოკუპაციის პირობებში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე, ისე 1990-იანი წლების კონფლიქტზე  და 2008 წლის აგვისტოს ომზე. მან  ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 

პრეზენტაციის დასრულებისას გაიმართა დისკუსია.  ღონისძიებას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა კვლევითი ცენტრის ექსპერტები, ჟურნალისტები და კანადაში აკრედიტებული ელჩები დაესწრნენ.