ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19.02.2019 კანადა-  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავაში ქართული მეღვინეობის ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების  და კულტურის შესახებ.
 
ელჩმა აღნიშნა,  რომ საქართველოში დღესაც არსებობს მეღვინეობის უძველესი ტრადიციები. სწორედ ამიტომ, UNESO-მ ქართული ღვინის დაყენების მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
 
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის პროფესორის, საქართველოში კანადური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, სტივენ ბატიუკის ლექცია თემაზე „ვაზის წარმოშობის კვლევა: უძველესი მეღვინეობის ისტორია და არქეოლოგიური შესწავლა“. აღსანიშნავია, რომ სტეფან ბატიუკი იყო იმ საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, რომელმაც მეცნიერულად დაამტკიცა, რომ საქართველო კულტურული მეღვინეობის სამშობლოა.
 
ლექციის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებულ ფოტოგამოფენას „საქართველო - ღვინის აკვანი“ და დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო.
 
ღონისძიებას, რომელიც ხმელთაშუაზღვის სწავლებების კანადურ ინსტიტუტთან, კარლტონის უნივერსიტეტთან და ამერიკის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა, კანადელი მეცნიერები, არქეოლოგები, ოტავასა და კარლტონის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ქართული დიაპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.