პარიზში ლევილის მამულის მოწყობისა და განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

30.01.2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიისმმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გონაძე არქიტექტურულ სამშენებლო-საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანია Scoping-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ქალაქ პარიზში გამართულ შეხვედრაში ექსპერტებმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართულ-ფრანგული ცენტრის მოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს

კომპანია  Scoping-მა მმართველ საბჭოს და ექსპერტებს  მამულის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოები წარუდგინა.  შეხვედრაზე კომპანიას გააცნეს მმართველი საბჭოსა და ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციები, მათ შორის ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის პროექტირების პროცესში ქართველი არქიტექტორის  ჩართვისა და მამულის გეომეტრიული, ფიტოსანიტარული და გეოლოგიური კვლევების ჩატარების თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას არქიტექტურულ - სამშენებლო საკონსულტაციო-საზედამხედველო კომპანია Scoping-თან, რომელიც გასულ წელს კონკურსის შედეგად  შეირჩა.