პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ლიეტუვას ქ. ნაისაის თეატრმა საქართველოში უფასო წარმოდგენები გამართა

26.11.2018 –  ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით , 20 ნოემბერს, ქ. ნაისაის თეატრმა ქართველი მაყურებლისათვის  საჩუქრად წარმოადგინა სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“. თეატრმა უფასო სპექტაკლები გამართა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. თეატრალური წარმოდგენები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის მიეძღვნა.
 
 
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  მაყურებლის წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე. ელჩმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „2018 წელი გამორჩეულია ორი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ვინაიდან საქართველო და ლიეტუვა სწორედ მიმდინარე წელს აღნიშნავენ დამოუკიდებლობის ასი წლისთავს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია ჩვენი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ამასთან, ლიეტუვა წარმოადგენს საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ ქვეყანას, რომელიც ყოველმხრივ გვერდში უდგას საქართველოს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოსა და ლიეტუვას ასევე აკავშირებს ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული გამორჩეული ურთიერთსიმპათია, რომელიც წარმოადგენს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მყარ საფუძველს, ამდენად, ძალზე სიმბოლურია, რომ ჩვენი გამორჩეული მეგობარი ლიეტუვის რესპუბლიკა სწორედ ამ შთამბეჭდავი სპექტაკლით გვილოცავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავს“.
 
სპექტაკლს ესწრებოდნენ ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ლიეტუვის მმართველი პარტიის „,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ ლიდერი რამუნას კარბაუსკისი და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯიუნასი.
 
თეატრალური წარმოდგენები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და  ლიეტუვის სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, რამუნას კარბაუსკისის მხარდაჭერით გაიმართა.