პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის

26.03.2018 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო სლოვენიის მხრიდან პოლიტიკური დირექტორი მატეი მარნი. 

კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის თანამშრომლობის ასპექტები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. სიამოვნებით აღინიშნა, გასულ წელს სლოვენიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ერიავეცის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდეს.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს საკმაოდ დიდი აუთვისებელი პოტენციალი. ამ კონტექსტში, ვახტანგ მახარობლიშვილმა გაიხსენა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში საქართველოში სლოვენიის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, როგორიცაა - მეფუტკრეობა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, ფარმაცევტიკა და ზამთრის ტურიზმი.

შეხვედრაზე სლოვენიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიის მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.