პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს მოლდოვას დელეგაცია სტუმრობს

24.02.2017, თბილისი -  თბილისში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, მოლდოვის მხრიდან - საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ლილიან დარი.
 
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობები. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და ისაუბრეს მათი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.
 
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. ლილიან დარიმ მიულოცა ქართველ კოლეგას   ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და  გამოთქვა მზადყოფნა, გაუზიაროს მოდლოვას მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდგომ მიღებული  გამოცდილება.
 
აღინიშნა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით. მხარეები მიესალმნენ უახლოეს მომავალში ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომისა და საქართველო-მოლდოვის ბიზნეს-ფორუმის გამართვას. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნეს-კონტაქტების შემდგომ განვითარებას.
 
ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერა. ხაზი გაესვა არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
 
მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე თანამშრომლობაზე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ფარგლებში, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს. მხარეები მიესალმნენ 27 მარტს, კიევში დაგეგმილ სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებისა და სუამ-ის ბიზნეს ფორუმის გამართვას და აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული ღონისძიებები ახალ იმპულსს შესძენს სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მოლდოვის დელეგაცია ასევე მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრი მიესალმა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის თბილისში გამართვას,  ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
 
ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად, ასევე გაიმართა მოლდოვის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საქართველო-მოლდოვას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის თანა-თავმჯდომარესთან გიორგი გახარიასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.​