პოლონეთში გამართულ გამოფენაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოები წარადგინეს

25.01.2019 პოლონეთი-  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვარშავაში აკრედიტებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ორგანიზებით, ვარშავის საერთაშორისო აეროპორტში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის ვეყნების იუნესკო-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთობლივი ფოტოგამოფენა გაიხსნა. გამოფენა აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების 10 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოები.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით  გახსნეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ჰოფმოკლმა და პოლონეთში რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ელჩმა ოვიდიუ დრანგამ.
 
გახსნით ცერემონიას, ესწრებოდნენ ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.
 
გამოფენა ვარშავის საერთაშორისო აეროპორტში სამი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული.