პოლონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

27.05.2019 პოლონეთი - ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო ასევე მიეძღვნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილესა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის დაარსების 10 წლისთავს.

ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.
  
კონცერტი საზეიმოდ გახსნა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.
 
ორკესტრმა შეასრულა როგორც საერთაშორისოდ ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ისე თავად ვახტანგ კახიძის შემოქმედება. ორკესტრთან ერთად საკონცერტო სცენაზე წარსდგა ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ანა ჭანია.
 
კონცერტის შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, სადაც ელჩმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა სიტყვით და ისაუბრა ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველო - პოლონეთის ასწლოვან ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
 
კონცერტი განხორციელდა „საქართველო, ევროპა“ - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
 
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.