პოლონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს

30.05.2018 პოლონეთი-ვარშავაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, ასევე მიმოიხილა საქართველოს მნიშველოვანი მიღწევები ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ჩიხოცკი, რომლმაც მიულოცა ქართველ ერს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მიღებაზე მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის ისტორიისა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების ამსახველი ფოტო-გამოფენა.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ვარშავაში მოღვაწე ქართველმა პიანისტებმა სალომე ჩიტაიამ და თინათინ სარალიძემ.

მიღებას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.