პორტუგალიის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2017 წლის 24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩთან პაულა ლეალ და სილვასთან (რეზიდენციით ანკარა). პორტუგალიის არარეზიდენტი ელჩი საქართველოს ესტუმრა პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის მიზნით.  

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. პორტუგალიის ელჩმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. 

თავის მხრივ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის აპრილში პორტუგალიასთან გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პორტუგალიურ მხარეს 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის დაგმობისთვის.


მინისტრის მოადგილემ პორტუგალიის ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.