პრეზიდენტის სასახლეში იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა და მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

16.07.2018 ქ. თბილისი -  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და იტალიის დელეგაციებს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები ხელმძღვანელობდნენ.  

დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებული საკითხები.  
 
ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს სხვდასხვა სფეროში. თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის „იტალია-საქართველო გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისთვის“; ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კარაბინერების კორპუსს შორის; სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს „საქართველოსა“ და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის; სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის; საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების გაერთიანებას შორის.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს ეს შეთანხმებების ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაშია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ენზო მოავერო მილანეზი, რომელიც ხვალ ქართველ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.