პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება

11.03.2019- 11-12 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ -   პროექტის  „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს 4 რეგიონში გაიმართება: აჭარის რეგიონში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
 
 
შეხვედრებზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდებენ  ობიექტურ და სწორ ინფორმაციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ ინფორმაციას საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს საქართველოს მოსახლეობის მედეგობას ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ. შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდება ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
 
 
საყურადღებოა, რომ  პროექტის - დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში”  ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატა 5 ახალი რეგიონალური ბიურo და  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების გაშუქებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შეხვედრები 18 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში გაიმართება.