საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

22.05.2019 აშხაბადი - თურქმენეთის დედაქალაქში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-6 რაუნდი.
 
შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ჰაჯიევი.
 
კონსულტაციებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მამუკა მურჯიკნელი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსი ბატირ იუსუბოვი.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკური და კულტურულ - ჰუმანიტარული ურთიერთობების სრული სპექტრი. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.
 
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის განხილვას და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე მსჯელობას. ამ მხრივ ყურადღება გამახვილდა: საქმიან წრეებს შორის დიალოგის გაღრმავებისათვის პირობების შექმნის მნიშვნელობაზე; ორმხრივი ვაჭრობის არსებითი ზრდის მისაღწევად ახალი მექანიზმების შემუშავების დაჩქარებაზე; ტრანსკასპიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების შესაძლებლობების და საქართველოს საზღვაო პორტების პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობაზე; ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაზე.
 
აღინიშნა, რომ არასრულად გამოიყენება ის შესაძლებლობები, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო - სამართლებრივი ბაზა იძლევა და დაისვა მისი როგორც ფაქტობრივი, ასევე შინაარსობრივი ინვენტარიზაციის საკითხი.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე.
 
კონსულტაციების პროცესში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
 
თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი ურყევი მხარდაჭერა.
 
21 მაისს, ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის  მრეწველობის და კავშირგაბმულობის სამინისტროში, რომელიც კურირებს თურქმენეთის საავიაციო, სატრანსპორტო და სარკინიგზო დარგებს. მრეწველობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და საავიაციო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. თურქმენეთის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ხაჯიმურად ხუდაიკულიევი, მინისტრის მოადგილე.