ქ. ბაქოში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო გამოფენა

9.04.2019 აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, . ბაქოში, გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტო-გამოფენა. ფოტო-გამოფენაზე, აგრეთვე ღონისძიების მიმდინარეობისას, ასახული და წარმოდგენილი იყო 9 აპრილის მოვლენები.

ხსოვნის საღამო შესავალი სიტყვით გახსნა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ ტრაგიკული მოვლენებისა და იმ პროცესების შესახებ, რაც წინ უსწრებდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს ყოფილი სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის დროს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, ერთდროულად, არის დიდი მწუხარებისა და დიდი სიხარულის დღე, აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს მე-20 საუკუნის თანამედროვე საქართველოსთვის, რადგან 1989 წლის მოვლენებიდან 2 წლის თავზე, უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, მიიღო საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი და ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. თავის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა 1990 წლის 20 იანვარს, ქ. ბაქოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ, როდესაც მსგავსი სცენარით, აზერბაიჯანელ ხალხს სასტიკად გაუსწორდა სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა. ქ. ბაქოში გამართულმა ღონისძიებამ გამოიწვია დიდი ინტერესი აკრედიტაციის ქვეყანაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მილი მეჯლისის დეპუტატები, მათ შორის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე აფლატუნ ამაშოვი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა სიტყვით და ისაუბრა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობაზე, მსგავს ისტორიაზე და ერთიან ტკივილზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების, ქართული დიასპორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.