ქ. დაკაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

3.05.2019 დაკა - ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.

აღნიშნული ღონისძიებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბანგლადეშში (რეზიდენციით ნიუ - დელი)  არჩილ ძულიაშვილმა და საქართველოს ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა ბანგლადეშში რიად მაჰმუდმა.
 
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საბანკო და ბიზნეს სექტორების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, აგრეთვე ბანგლადეშში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
 
საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნას წინ უძღოდა ფოტოგამოფენა სახელწოდებით “ROHINGYA. COX’S BAZAR 15.04.18-19.04.18”, რომელიც გაიმართა დაკაში, ბანგლადეშის ხელოვნების გალერეაში “Edge Gallery”. ფოტოგამოფენა ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის და თბილისის ფოტო ფესტივალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.