ქ. დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლი გაიხსნა

11.12.2019 გერმანია - ქ. დარმშტატში ქართული ხელოვნების სახლის „Blue Face“ ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე. მან მადლობა გადაუხადა ხელოვნების სახლის დამფუძნებელს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ მხატვარს ბაჩო ჭამელაშვილს უაღრესად მნიშვნელოვანი ქართული საქმის წამოწყებაში და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ხელოვნების სახლის შემდგომ საქმიანობაში. დასასრულს, ხელოვნების სახლს სიმბოლურად საჩუქრად საქართველოს დროშა გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სახლში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ხელოვნების ისტორია, ხატვა და მუსიკა. ხელოვნების სახლი გამოყენებულ იქნება როგორც საგამოფენო სივრცედ, ასევე ლიტერატურული ღონისძიებების გამართვის ადგილად. გენერალური საკონსულო უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ქართული ენის სახელმძღვანელოებს გადასცემს ახალგახსნილ ხელოვნების სახლს.