ქ. ჰელსინკში ევროპის საბჭოს 129-ე მინისტერიალი გაიმართა

17.05.2019 ფინეთი- დღეს. ჰელსინკიში გაიმართა ევროპის საბჭოს 129- მინისტერიალი, რომლის ფარგლებში სიტყვით  გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
 
 
აღსანიშნავია, რომ 2019 წელი საიუბილეოა, როგორც ორგანიზაციისთვის, რომელიც შექმნიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, ასევე საქართველოსთვის, რომლის გაწევრიანებიდან  20 წელიწადი გავიდა.
 
მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო, როგორც ევროპის დემოკრატიულ უსაფრთხოებაზე ერთობლივი პასუხისმგებლობის, ასევე კონკრეტულად ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ორგანიზაციის გენერალური მდივნის ანგარიშთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
 
 
ამასთანავე, მინისტერიალის დღის წესრიგიში ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკა. კერძოდ, მინისტერიალის დღის წერიგის  მეორე პუნქტის  ბ ქვეპუნქტი ეხებოდა ევროპის საბჭოს როლს ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში, რამაც საშუალება მისცა სესიის მონაწილეებს ესაუბრათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე.
 
 
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც საუბრობს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. ასევე, მინისტერიალის დღის წესრიგის მიხედვით, ყურადღება იქნა გამახვილებული ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომის ფარგლებში, მიმდინარე წლის 2 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც საუბარია ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევია, მათ შორის, საუბარია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ და რუსეთის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
 
 
ამასთანავე, ორგანიზაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ დეკლარაციაში ასევე არის საუბარი ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებსა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.
 
საკუთარ გამოსვლაში ბატონმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული ტრანსფორმაციის  მიუხედავად, დღეს ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგაც, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა საერთაშორისო პრინციპისა და ნორმის დარღვევით.
 
 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და იმ დაუსჯელობაზე, რომელიც ახლავს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სიკვდილს. გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო ბოლო ტრაგიკულ ფაქტს - საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უკანონოდ განთავსებულ სამხედრო ბაზაზე.

  
ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემატიკის მუდმივ ფოკუსში არსებობასთან დაკავშირებით. მადლიერებით აღინიშნა, ორგანიზაციის გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისა და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ საქართველოში კონფლიქტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა.
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ძალები. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის საბჭო გააძლიერებენ ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
 
 
მინისტერიალის დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რაც აგრეთვე პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებების უგულებელყოფასთან.
 
 
მინისტრის განცხადებით, 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები იყო საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო წესებთან სრულ შესაბამისობაში, ხოლო საერთო ღირებულებების ნებისმიერი დათმობა ხელს შეუწობს ორგანიზაციის დასუსტებას და ორმაგი სტანდარტების დანერგვას. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მყარ პოზიციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანქციების არსებული სისტემის სასარგებლოდ, რაც წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს წევრი ქვეყნების მხრიდან დარღვევების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, მინისტერიალისთვის მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად არ დაუჭირა მხარი.
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს შესაბამის ინიციატივებს ორგანიზაციის სტანდარტებთან მეტი მიახლოების მიზნით. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა განათლების რეფორმასა და ახალგაზრდობის მაქსიმალურ ჩართვასთან დაკავშირებით. 
 
 
მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. მათ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
 
დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოიწვია დამსწრე საზოგადოება ევროპის საბჭოს შემდეგ მინისტერიალზე, რომელიც 2020 წლის მაისში თბილისში გაიმართება.
 
 
საქართველო 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით გახდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.