ქ. მინსკში ფოტოგამოფენა „საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანა“ გაიხსნა

7.11.2019 ბელარუსი - ქ. მინსკში მ.სავიცკის სახ. სამხატვრო გალერეაში გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანა“. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტი და ქ.მინსკის ისტორიის მუზეუმი.

გამოფენაზე წარმოდგენილია ასი ფოტოსურათი შემდეგი თემატური მიმართულებებით: საქართველოს მუზეუმებში დაცული არტეფაქტები, ქართული არქიტექტურა, ქართული ხელნაწერები, ქართული ქრისტიანული კულტურის ნიმუშები და საქართველოს ტურიზმი.
გამოფენის გახსნამდე საგამოფენო დარბაზში ბელარუსის მუსიკის აკადემიის პროფესორებმა ლ.ორლოვამ (ფორტეპიანო) და თ.ლევიცკაიამ (ვიოლინო ) შეასრულეს გია ყანჩელის ნაწარმოებები.

გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მ.იასიუკი და ბელარუსის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე რ.სიტნიცა.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის, ბელარუსის კულტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და კულტურის სფეროს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

გამოფენის გახსნის შემდეგ ქართული დიასპორის ცეკვის ანსამბლის „მზიური საქართველო“-ს წევრებმა შეასრულეს ქართული ცეკვები.
გამოფენას დამთვალიერებელთა უდიდესი მოწონება ხვდა წილად.
ექსპოზიცია 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის გახსნის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩომ მოაწყო მცირე მიღება, სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქართული ღვინით, რომელიც საელჩოს უფასოდ გადასცა ღვინის კომპანია სს „თელიანი ველმა“. ასევე, საელჩო მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის ქართული მინერალური წყლების კომპანია „ნაბეღლავს“.