ქ. რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

8.11.2019 იტალია - რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“, რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ფოტო ისტორია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა პერიოდში დევნილი მოსახლეობის ტრაგედიას და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულ იტალიელ სტუმრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ, რომელმაც მათ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი საქართველოს მოქალაქის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტია. 


გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები.

გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.