რომში ქართული პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

12.11.2019 იტალია - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომის ლიტერატურულ სახლში, პოეზიის ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაცია და ანთოლოგიაში შემავალ პოეტებთან შეხვედრა გაიმართა. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს იტალიაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის. ლექსები იტალიურ და ქართულ ენაზე, იტალიაში მოღვაწე ცნობილმა მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ თარგმნა, მანვე შეადგინა პოეტური ანთოლოგია.  
პრეზენტაციას რომში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები და იტალიელი სტუმრები დაესწრნენ.  ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი ლექსები წაუკითხეს ცნობილმა ქართველმა პოეტებმა ეთერ თათარაიძემ, ელა გოჩიაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, მანონ ბულისკერიამ და იტალიელმა პოეტმა ანიტა პისკაციმ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელს ქეთევან დუმბაძეს და  საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრს.