საქართველო-გერმანიის წელთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა

19.04.2017 თბილისი - ​„საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნით ჩვენ გვსურს უკვე არსებული კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მრავალფეროვნება და ინტენსივობა გამოვიკვლიოთ და წარმოვაჩინოთ, იმისთვის რომ გერმანულ და ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში კიდევ უფრო გაღრმავდეს ამ საერთო ისტორიის ცოდნა,“ განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა 2017 წლის  19 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საქართველო-გერმანიის წლისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენციაზე.

საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნა თბილისში 21 აპრილს, ბერლინში კი 26 აპრილს გაიმართება. მიმდინარე წლის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის  საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით გაიმართება არაერთი ღონისძიება, რომელიც მოიცავს როგორც კულტურულ, ისე ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სპორტულ სფეროებს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განცხადებით, “დაგეგმილი ღონისძიებები დიდ დაინტერესებასა და მოწონებას დაიმსახურებს გერმანულ და ქართულ საზოგადოებაში და გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს“.
 
მედიის წარმომადგენლებთან საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ასევე ისაუბრეს საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა შტეფან ვაკვიცმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა ანა რიაბოშენკომ.
 
გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. საქართველო-გერმანიის წელი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.