ქუვეითში გამართულ გამოფენაზე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი

 
18.01.2019 ქუვეითი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში როლანდ ბერიძემ,  მონაწილეობა მიიღო ქუვეითის ეროვნულ მუზეუმში გამართული გამოფენის ,,Handicrafts in Europe Region-World Crafts Council’’ გახსნის საზეიმო ცერემონიალში.  ღონისძიება საქართველოს  საელჩოს მხარდაჭერით და ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს მოწვევით გაიმართა.
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ხელოვანთა ნამუშევრები შერჩეულ იქნა ევროპის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო საბჭოს მიერ, რომელთა შორის წარმოდგენილი იქნა ცნობილი ქართველი ტექსტილის დიზაინერის,  ეკა ხუნწარიას ბატიკის ტექნიკით აბრეშუმზე შექმნილი უნიკალური ნამუშევრები.
 
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ქუვეითის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალი ალ-იოჰამ, ასევე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო საბჭოს ევროპის პრეზიდენტმა ლუიზ ალენმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის, ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე კულტურისა და ხელოვნების  სფეროს წარმომადგენლები.