რომში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 8 ოქტომბერს ქ. რომში ეუთო-მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა.
 
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, საგანგებო დავალებათა ელჩის, შალვა ცისკარაშვილის ხელმძღვანელობით.
 
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს 2018 წელს, ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე, კარგი მმართველობის გაძლიერებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე. ღონისძიებაზე საგანგებო სესია დაეთმო მიმდინარე წლის დეკემბერში ქ. მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე განსახილველ თემებს.
 
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შალვა ცისკარაშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგაც, რუსული მხარე განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.
 
 
შალვა ცისკარაშვილმა გამოსვლაში ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, სადაც ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მექანიზმებს არ აქვთ შეღწევის შესაძლებლობა.
 

 შალვა ცისკარაშვილმა აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს, როგორც თანათავმჯდომარის, როლს ამ ფორმატების ფუნქციონირებაში.
 

მან აგრეთვე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაზე და დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
გამოსვლისას შალვა ცისკარაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ მინსკის შეთანხმებებისა და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
 
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები სათანადოდ უნდა აისახოს მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გამართულ დისკუსიებსა და მის დოკუმენტებში.