რომში საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა

6.12.2017 რომი - ქ. რომში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა. 

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით პალაცო ფერაიოლიში გაიმართა კონცერტი, რომელიც ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა. კონცერტში მონაწილება მიიღეს ქართველმა მეცო სოპრანომ ნინო სურგულაძემ და იტალიელმა პიანისტმა ალესანდრო სტელამ. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, კახა სიხარულიძემ, რომელმაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ურთიერთობები და მეგობრობა მიმოიხილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილის ფარგლებში, იტალიელმა მუსიკოსმა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, სპეციალურად ჩაწერა და გამოუშვა მუსიკალური დისკი “ყვითელი ფოთლები”, რომელიც გია ყანჩელის სამ კომპოზიციას შეიცავს. საქართველო-იტალიის მეგობრობის აღსანიშნავად მუსიკალური დისკი ღონისძიების სტუმრებს საჩუქრად გადაეცა.  

კონცერტის დასრულების შემდგომ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

ღონისძიებას იტალიის ხელისუფლების, რომში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, მუსიკალური და აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.