რუმინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად მისალოცი წერილები გაცვალეს

26.06.2017 თბილისი - 25 ივნისს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის წერილში რუმინელ კოლეგას მიულოცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და აღნიშნა, რომ ძლიერი პოლიტიკური დიალოგი და მუდმივი მაღალი დონის კონტაქტები ხელს უწყობს საქართველოსა და რუმინეთს შორის  მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას. მიხეილ ჯანელიძე ასევე ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიმდინარე წელს რუმინეთში განხორციელებულ ვიზიტს და აღნიშნავს,  რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზიტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და ძლიერი პოლიტიკური ნებით, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება, რაც წარმოშობს ახალ პერსპექტივებს და ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო თანამშრომლობას.

წერილში, მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ ასევე მიულოცა ქართველ კოლეგას ღირსშესანიშნავი თარიღი და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აქტიურად ვითარდება. წერილში საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაღრმავდა. იგი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუმინეთში განხორციელებულ ვიზიტს და აღნიშნავს, რომ ეს თავის მხრივ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა. 

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი იქნება საქართველოს ძლიერი პარტნიორი და განაგრძობს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზის მხარდაჭერას. „სტაბილური და უსაფრთხო საქართველო ძალზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვი“, - აღნიშნა თეოდორ მელეშკანუმ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც რუმინეთის, ისე საქართველოს კეთილდღეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი