რუმინეთში გამოფენა-"პირველი ქართული სტამბა - ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან" გაიხსნა

11.04.2019 რუმინეთი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ რიმნიკუ ვილჩას ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა: "პირველი ქართული სტამბა - ქართულ-რუმინული ურთიერთობების სათავეებთან". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმარა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს უნიკალურ კულტურასა და ქართულ ლიტერატურაზე.
მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს ბიბლიოთეკის დირექტორმა, რემუს გრიგორესკუმ, რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიან ბუშუმ, რეგიონის პრეფექტმა ფლორიან მარინმა, ქალაქის ვიცე-მერმა, ეუსებიუ ვეცელეანუმ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა და ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

ღონისძიებას, რომელიც საქათველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ ქ. რიმნიკუ ვილჩას და ვალჩეას რეგიონის ხელმძღვანელობა და  საზოგადოების წარმომადგენლები.