საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს პეტიციით მიმართა

25.10.2018 საბერძნეთი - საბერძნეთში ქართულმა ემიგრაციამ საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს დიმიტრის ვიცასს პეტიციით მიმართა. მიმართვაში ქართული ემიგრაცია იმედს გამოთქვამს, რომ  საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების დინამიური განვითარება პოზიტიურად აისახება საბერძნეთში ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე.
 
 
საბერძნეთის ქართული დიასპორა მიესალმება 2018 წელს ქართულ და ბერძნულ მხარეებს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზების პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება და გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდება.
 
 
აღსანიშნავია, რომ მიმართვის ავტორია საბერძნეთში მოქმედი 41 ქართული დიასპორული ორგანიზაცია, რაც ადასტურებს საბერძნეთის ქართული ემიგრაციის მტკიცე სურვილს, ერთობლივი წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, ქართველი და ბერძენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებაში.
 
  
საყურადღებოა, რომ საბერძნეთში ქართული ემიგრაციის მიერ რიგით მეორე პეტიციის შემუშავება 2018 წლის აგვისტოში, ქართული დიასპორის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.