საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ათენის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა

14.07.2019 საბერძნეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა ათენის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია/სემინარი, რომელსაც, სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, ესწრებოდნენ . ათენის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სააგენტოს „Enterprise Greece“, საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის (SETE) ხელმძღვანელები, ასევე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
 
ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა ბერძნულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, აქცენტით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის სპეციფიკურ მხარეებზე. საქართველოს ელჩმა მიმოიხილა უცხოელი ვიზიტორებისათვის მიზიდველი საზაფხულო და ზამთრის ტურისტული ადგილები, ქართული კულტურის თავისებურებები და ქართული კულტურული მემკვიდრეობა. ბერძენი მეწარმეები გაეცნენ ქართული ღვინის წარმოებასთან, ქართულ სამზარეულოსთან დაკავშირებულ თემებს, ასევე საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო და შიდა სატრანსპორტო კომუნიკაციებს, უცხო ქვეყნებთან არსებული სავიზო რეგულაციებსა და საქართველოს ტურიზმის სექტორის მიღწევებს. კითხვა-პასუხის ნაწილში, დამსწრეთ მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო სისტემის, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ.
 
ბერძნული მხრიდან აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების გაზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან საბერძნეთიდან საქართველოში გამგზავრებულ ტურისტთა რაოდენობა მუდმივად იზრდება (2017 წელს 15%-იანი, ხოლო 2018 წელს დამატებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), საქართველოში გამგზავრების მსურველ საბერძნეთის მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო შეიძლება გაიზარდოს.
 
შეხვედრაზე, გავრცელდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია და შესაბამისი ბეჭდვითი საილუსტრაციო მასალა. ნაჩვენები იქნა საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო-რგოლები