საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების შესახებ „ამბასადორიალი 2017“-ზე სამუშაო სესია გაიმართა

20.07.2017 თბილისი - „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების შესახებ სამუშაო სესია, რომელსაც მოდერირებას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი.

შეხვედრა დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილების გაჟღერებას. შეფასდა გასული წლის შედეგები და მსჯელობის საფუძველზე დაისახა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. გაიმართა აქტიური დისკუსია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ახალი ინიციატივების შესახებ, რათა ამ ფორმატში საქართველოს საკითხი ორგანიზაციების დღის წესრიგის ფოკუსში აქტიურად იყოს მოქცეული.
 
დავით ზალკალიანმა ქართველ დიპლომატებს გააცნო ცენტრალური აპარატის ხედვა ცალკეული მიმართულებით და მადლობა გადაუხადა მათ, გაწეული მუშაობისათვის.