საფრანგეთსა და სლოვენიაში ქართული ღვინოები წარმოადგინეს

„ნარინჯისფერი ღვინოების ფესტივალის“ ფარგლებში, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. იზოლაში ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული საოჯახო მარნების ღვინოები. 

სლოვენიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ  ბექაიამ და მეღვინე ვლადიმერ ბოისამ სლოვენიური, იტალიური და კორეული მედია საშუალებების წარმომადგენლებს და ღვინის ენთუზიასტებს ინფორმაცია მიაწოდეს ქართული ქვევრის ღვინოების, საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტურისტული პოტენციალის შესახებ. 

სლოვენიაში მცხოვრებმა, ფრანგმა მეღვინემ ჟან მიშელ მორელმა ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას ევროპაში ქართულ ქვევრში ღვინის დაყენების გამოცდილება და ქართული ღვინის ისტორია გაუზიარა.

ქართული ღვინოები ასევე წარმოდგენილ იქნა პარიზში, სადაც კომპანია „Nouriturfu”-ს ორგანიზებით, რიგით მეხუთე, სამდღიანი ღვინის სალონის „Sous les paves la vigne“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იყო ფილიპ გასნიერის დოკუმენტური ფილმი - „მეღვინედ დაბადებულნი“. ფილმში სხვა მეღვინეებთან ერთად, ქართველი მეღვინეებიც იღებდნენ მონაწილეობას. 

პრეზენტაციაზე 60 სახეობის ღვინოებს შორის ქართული ქვევრისა და სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო კომპანია „კორტავების მარანმა“ წარმოადგინა. 

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო.