საფრანგეთში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და გახსნიდან პირველივე დღეებში, უკვე ასეულობით ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას.

ბორდოში მიმდინარე გამოფენა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მყარად და  საბოლოოდ დაიმკვიდროს მსოფლიოში ადგილი, როგორც ღვინის ცივილიზაციის უძველესმა ქვეყანამ და მსოფლიო მეღვინეობის აკვანმა.

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და  4 თვეს გაგრძელდება.

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და  ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება.

გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული  ღვინის ექსპერტები. 

თანამედროვე მსოფლიოში ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული მეღვინეობის ისტორიის ამსახველი გამოფენა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით გაიხსნა.