საფრანგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

31.05.2019 საფრანგეთი- საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში საქართველოს საელჩოსა და საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა საფრანგეთში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეონა გიუაშვილმა, სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტმა თამარ დემურიამ და სათვისტომოს წევრმა ვასილ კეკელიამ.

ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შეამკეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და დამფუძნებელი საბჭოს წევრებისა და პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა საფლავები.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ფრანგმა და ქართველმა მუსიკოსებმა.