საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტომაშ პერნიცკისთან.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში. მინისტრმა გამოხატა მადლიერება ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე, ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. დავით ზალკალიანმა კმაყოფილება გამოთქვა განათლების, სამედიცინო, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ჩეხეთის მხარის მიერ აღმოჩენილ დახმარებების გამო.  

ტომაშ პერნიცკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისთვის პერსონალურად ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ელჩის თანამდებობაზე გატარებული 4 წელი და ის მომავალში საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი იქნება.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მის მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში.