საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკომისარს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

19.07.2018 ქ.ბრიუსელი - ევროკომისარი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან თანამშრომლობას და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ამის შესახებ ქრისტოს სტილიანიდისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ევროკომისარმა ასევე დადებითი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც ხელი მოეწერა ქართულ მხარესთან კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დადასტურა ევროკავშირის მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან ამ სფეროში.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის სურვილი გააღრმავოს და განავითაროს ევროკავშირთან სექტორული მიმართულებით თანამშრომლობა. როგორც დავით ზანკალიანმა აღნიშნა, საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად მიახლოების მიზნით. მინისტრმა ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის გეგმას ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე. ევროკომისრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული დღის წესრიგის და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის მხარდაჭერა. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა და გატარებული რეფორმები.

მხარეები მიესალმნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში,  როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ურყევობის დადასტურებას.