საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიბიიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებს შეხვდა

19.12.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ლიბიიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც საგარეო უწყების მიერ, საზღვაო ადმინისტრაციასთან კოორდინირებით გატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგად დღეს დაბრუნდნენ საქართველოში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კონსტანტინე საბიაშვილი და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მინისტრმა ქართველ მეზღვაურებს მიულოცა სამშობლოში დაბრუნება და ესაუბრა საგარეო უწყებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, რომელიც მიმართული იყო მათი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გათავისუფლებისაკენ.

„მინდა იცოდეთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიყენებდით ყველა არსებულ რესურს, რომ მაქსიმალურად სწრაფად და დროულად მომხდარიყო თქვენი გათავისუფლება და თქვენ ოჯახებთან დაბრუნება“.  როგორც ზალკალიანმა განაცხადა იგი მთელი ამ პერიოდის განმალობაში  მუდმივ კომუნიკაციაში იყო თავის ლიბიელ კოლეგასთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს  და ყველა შესაძლო ფორმატს იყენებდა იმისათვის, რომ ქართველი მეზღვაურების საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო. 

მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, უკრაინაში და ქ. ნიუ-იორკში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, აჭარის მთავრობის და საზღვაო ადმინისტრაციის ჩართულობას მეზღვაურების გათავისუფლების საკითხში - „მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვინც პირადად იყო ჩართული ამ პროცესში“. აღსანიშნავია რომ ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონეზეც შედგა. 

დავით ზალკალიანმა მეზღვაურებს სწრაფი გამოჯანმრთელება და თავიანთ ოჯახებთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება უსურვა - „მინდა ყველაფერი დაივიწყოთ რაც შეიძლება მალე და დაიწყოთ ახალი ცხოვრება თქვენ ოჯახებთან ერთად. ახლა მთავარია თქვენი ჯანმრთელობა“ - განაცხადა მინისტრმა. 

ქართველმა მეზღვაურებმა გენადი კომახიძემ და რომან კაკალაძემ გამოხატეს თავიანთი მადლიერება და სიხარული სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით - „გვინდა მადლობა მოგიხადოთ იმისათვის, რომ გვაქვს საშუალება ნიკოლოზობის დღესასწაულს შევხვდეთ ჩვენ სახლებში, ჩვენ ოჯახებთან ერთად“ - აღნიშნეს მათ. 

შეგახსენებთ, 2017 წელს გემის „REX"  დაკავებული ეკიპაჟის 11 წევრიდან, სამი საქართველოს მოქალაქე იყო: გემის კაპიტანი გენადი კომახიძე, მეორე თანაშემწე რომან კაკალაძე და მეზღვაური ნუკრი ხოხბა, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ ქ. ტაჯურას დამანის ციხეში (Dhaman Prison in Tajura). ამათგან ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ხოხბა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან გატარებული აქტიური ქმედებების შედეგად  2018 წელს გათავისუფლდა. ეკიპაჟის ორი ქართველი მეზღვაური, გემის კაპიტანი - გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე - რომან კაკალაძე,  პატიმრობიდან მიმდინარე წლის 17 დეკემბერს  გათავისუფლდნენ.